ნიკა მაჭუტაძე - მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა უარი მიიღო ​ორ ოლქთან დაკავშირებით, დაიწყო დარტყმები და ცეცხლი გაუხსნა ოპოზიციას
ნიკა მაჭუტაძე - მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა უარი მიიღო ​ორ ოლქთან დაკავშირებით, დაიწყო დარტყმები და ცეცხლი გაუხსნა ოპოზიციას

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ არ არის სწორი, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დანარჩენ ოპოზიციას ებრძვის, რადგან ეს მთავარ მიზანს აზიანებს.

„მე საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ოპოზიციიდან ოპოზიციას ებრძოლოს ვინმემ. როდესაც ოპოზიციონერი დანარჩენ ოპოზიციას ებრძვის, ეს არ მიმაჩნია სწორად და ამას რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება, ჰქონდეს სხვაგვარი წარმომავლობები. ეს აზიანებს მთავარ საქმეს და იმ მიზანს, რომელსაც ქვეყნის დეოლიგარქიზაცია ჰქვია. ბატონი ელისაშვილი მონაწილეობდა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შემდგარ ფორმატში და საკმაოდ მოხარულად გრძნობდა თავს. რომ არა ეს ფორმატი და ამ ფორმატის ერთობლივად მიღწეული საკონსტიტუციო ცვლილებები, ბატონ ელისაშვილს საერთოდ იმ ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებოდა, რომელიც წინა საკონსტიტუციო მოდელში იყო. ამ მაგიდამ, ფორმატმა ელისაშვილს საქართველოს პარლამენტში მოხვედრის შანსი მისცა და ახლა ამ პოზიციებიდან, როდესაც სარგებელი მიიღო, როგორც პოლიტიკურმა მოძრაობამ, როგორც პოლიტიკოსმა, ამ ფორმატის, ამ გაერთიანებისა და კონსოლიდირებული ძალის გინება, ლანძღვა არასწორი და კონტრპროდუქტიული მგონია, უპირველეს ყოვლისა თავად ელისაშვილისთვის“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, გიგა ბოკერიამ ყველა სუბიექტის წინაშე, რომელიც მონაწილეობდა ოპოზიციის შეხვედრების ფორმატში, დააფიქსირა, რომ ალეკო ელისაშვილი ითხოვდა ორ ოლქს თბილისში.

„ეს ბოკერიამ არაერთხელ თქვა და ეს ახალი ჩვენთვის არ ყოფილა. გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ელისაშვილს ჰქონდა ასეთი მოთხოვნები. მას შემდეგ, რაც უარი განეცხადა ელისაშვილს ამ ორ ოლქთან დაკავშირებით თბილისში, დაიწყო დარტყმები და ცეცხლი გაუხსნა ოპოზიციას. ასეთ მოქმედებებს არ ახლავს ხოლმე მორალური და პოლიტიკურად სწორი განწყობილებები, ასევე ნებსით თუ უნებლიეთ, ასეთი გადაწყვეტილებებით წყალი ესხმება ხელისუფლების წისქვილს იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიძლება ამ ისტორიული შეთანხმების დისკრედიტაციისთვის მუშაობა“, – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი ერთობიდან გავიდა და ძალიან წუხს, რომ მისი საუბრის დიდი ნაწილი ეთმობა ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ ლანძღვას. მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი საკუთარ ცხვირზე უფრო შორს ვერ იყურება.

საპასუხოდ, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი“.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ალეკო ელისაშვილი და გიგა ბოკერიაც, რომელმაც ელისაშვილს უსინდისო უწოდა.

დატოვე კომენტარი