ნიდერლანდებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფარანჯის ტარება აიკრძალა
ნიდერლანდებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფარანჯის ტარება აიკრძალა

ნიდერლანდების პარლამენტმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფარანჯის ტარება აკრძალა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ კენჭისყრის დროს ხმათა უმრავლესობით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალის ისლამური სამოსის აკრძალვას მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი ნიდერლანდების ქვედა პალატამ ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებში, საავადმყოფოებსა და სახელმწიფო უწყებებში აიკრძალება იმ სამოსის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს. კანონი ძალაში შესაძლოა 2019 წელს შევიდეს. თუმცა საზოგადოების რეაქცია ახალ კანონპროექტზე ჯერ კიდევ უცნობია. კანონპროექტს რიგ ოპოზიციურ პარტიებში მოწინააღმდეგეები უკვე ჰყავს.

ნიდერლანდების ტერიტორიაზე ამჟამად 400 მუსლიმი ქალი ცხოვრობს, რომლებიც ფარანჯას ან ბურკას ატარებენ, ანუ ისეთ სამოსს, რომელიც სახეს ბოლომდე ფარავს.