NDI-ს სათაო ოფისში კომენტარს არ აკეთებენ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე, რომ ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზების თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნით „ისფედის“ კოორდინატორსა და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს
NDI-ს სათაო ოფისში კომენტარს არ აკეთებენ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე, რომ ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზების თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნით „ისფედის“ კოორდინატორსა და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს

ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზების თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნით „ისფედის“ კოორდინატორსა და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს. ამის შესახებ აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 25 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის საქართველოს პირველმა არხმა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ვაშინგტონის სათაო ოფისს მიმართა. ორგანიზაციის საერთაშორისო საკითხებში კომუნიკაციების მრჩეველმა,​ კლეიტონ მაკკლესკიმ „ისფედის“ 25 დეკემბრის განცხადებასთან დაკავშირებით არ გააკეთა კომენტარი. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ საკითხთან დაკავშირებით მიგვითითა მათი ორგანიზაციის მიერ 14 და 18 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებებზე.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ამ ორ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

14 დეკემბრის განცხადება – „NDI-ს განცხადება საქართველოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან დაკავშირებით:

„NDI ამაყობს, რომ 1995 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED). ISFED მსოფლიო ლიდერია სამოქალაქო არჩევნების მიუკერძოებელი მონიტორინგის სფეროში, მათ შორის ხმების პარალელურ დათვლის (PVT) საარჩევნო პროცესების ხარისხის შესაფასებლად და შედეგების სიზუსტის შესამოწმებლად.

NDI-მ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარალელური დათვლისას ISFED-ის მიზნობრივი დახმარებით უზრუნველყო.

საუკეთესო ფლიბალური გამოცდილების შესაბამისად, ISFED-მა NDI-ს მხარდაჭერით არჩევნების შემდეგ თავისი წინასწარი დასკვნების აუდიტი ჩაატარა. აღნიშნული რუტინული პროცედურისას ISFED-მა აღმოაჩინა შეცდომა ხმების დათვლის ფორმულაში, რომელიც გამოყენებული იქნა პარალელური დათვლისთვის (PVT) და რამაც გამოიწვია მცირე სხვაობა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და PVT-ს შედეგებს შორის სამ საარჩევნო სუბიექტთან (პოლიტიკურ პარტიასთან) დაკავშირებით. ამ სხვაობებს არ ექნებოდა გავლენა სამი სუბიექტისთვის მინიჭებული მანდატების რაოდენობაზე. ISFED-ის მიერ არჩევნების დღის პროცესების შეფასებაზე შეცდომას არ ჰქონია გავლენა და ის შემდგომში შესწორდა. NDI აფასებს სიმკაცრეს და გამჭვირვალობას, რომლითაც ISFED მიუდგა ამ საკითხს.

არჩევნებზე სისტემატური დაკვირვება, მათ შორის PVT-ს საშუალებით, ზრდის მოქალაქეების მონაწილეობას, აძლიერებს პოლიტიკურ და სამთავრობო ანგარიშვალდებულებას და უზრუნველყოფს საფუძველს საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესების რეკომენდაციებისთვის. NDI-ს მხარდაჭერით სამოქალაქო სადამკვირვებლო მიუკერძოებელმა ორგანიზაციებმა 50-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი პარალელური დათვლა ჩაატარეს, რათა გაზარდოს საზოგადოების ნდობა კარგად ჩატარებული არჩევნებისადმი ან პროცესში არსებული პრობლემების გაცნობიერება გააძლიეროს. NDI დგას ISFED-ისა და მისი საარჩევნო სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის მთლიანობის გვერდით“.

18 დეკემბრის განცხადება – „NDI-ს საარჩევნო დირექტორის პეტ მერლოს განცხადება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში NDI-ს როლთან დაკავშირებით გამოთქმული ყალბი ბრალდებების შესახებ:

სამ ათეულ წელზე მეტია „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) მხარს უჭერს მიუკერძოებელ სამოქალაქო ჯგუფებს მთელ მსოფლიოში არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჩვენი ძალისხმევა გამონაკლისი არ ყოფილა. ნებისმიერი ამის საწინააღმდეგო მტკიცება არის აბსოლუტურად ყალბი, მათ შორის NDI-ს წარმომადგენლის ირაკლის ნასყიდაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ცრუ ბრალდებები. დეზინფორმაციის გავრცელების ძალისხმევა NDI-ს არ ათქმევინებს უარს საქართველოში პარტნიორებთან ჩვენს ღია თანამშრომლობის ხანგრძლივ ვალდებულებებზე ანგარიშვალდებულების, ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესის მთლიანობისთვის“.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა 25 დეკემბერს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა.