ფრანგული კლუბის „ნანტის“ პრეზიდენტმა ვალდემარ კიტამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ხმარებიდან ამოიღებს მეცხრე ნომერს, რომლითაც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა თამაშობდა.
პარასკევს, ბრიტანეთის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალა ლა მანშის სრუტეში თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაიღუპა.
ემილიანო სალა „ნანტში“ 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. ამ გუნდში მან 133 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა.
არგენტინელი „კარდიფში“ 19 იანვარს გადავიდა. მომდევნო დღეს, ბრიტანეთში გადაფრენისას ფეხბურთელის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.