ცნობილი გახდა ემილიანო სალას დაღუპვის დეტალები - თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა, პილოტს ლიცენზია არ ჰქონდა
ცნობილი გახდა ემილიანო სალას დაღუპვის დეტალები - თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა, პილოტს ლიცენზია არ ჰქონდა

საავიაციო შემთხვევების გამოძიების ბრიტანულმა კომისიამ გამოაქვეყნა იმ თვითმფრინავის დაღუპვის საბოლოო დასკვნა, რომელშიც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა იჯდა. ამის შესახებ წერს BBC.

დასკვნა შეიცავს რამდენიმე უცნობ ფაქტს, პირველი – ავარია მოხდა თვითმფრინავ PA 46 Malibu-ზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ. საფრენმა აპარატმა, პრაქტიკულად, ჰაერში დაშლა დაიწყო მას შემდეგ, რაც პილოტმა დევიდ იბოტსონმა მაღალ სიჩქარეზე მანევრირება სცადა და მართვა დაკარგა.

მეორე – პილოტისა და ფეხბურთელის დაღუპვა გამოიწვია მომწამვლელმა აირმა. ამასთან, თვითმფრინავს არ ჰქონდა ხელსაწყო, რომელიც ამ აირის კონცენტრაციას გაზომავდა.

გარდა ამისა, იბოტსონს არ გააჩნდა ევროპასა და ბრიტანეთს შორის ფრენისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზია.

ემილიანო სალა გასული წლის იანვარში „ნანტიდან” „კარდიფში” სათამაშოდ უნდა გადასულიყო, მაგრამ ავიაკატასტროფის გამო ბრიტანეთამდე ვერ ჩააღწია და ლა მანშის წყლებში ჩაიძირა. მოგვიანებით, მისი ცხედარი ლა მანშის ფსკერზე თვითმფრინავის ნამსხვრევებს შორის აღმოაჩინეს.