„მწვანე სკოლა“ - უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო
„მწვანე სკოლა“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, – აღნიშნულია სკოლის სამძიმრის წერილში.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.