მთავრობა საერთო სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შექმნის ინიციატივით გამოდის
მთავრობა საერთო სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს მთავრობა საერთო სასამართლო სისტემაში კომერციული პალატების შექმნის ინიციატივით გამოდის.

რეფორმის პროექტის წარდგენა საზოგადოებისათვის უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამის შესახებ საუბარია სამთავრობო პროგრამაში  – „თავისუფლება, კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება“.

კომერციული პალატები კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე იქნება სპეციალიზებული.

სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ რეფორმის შედეგად, მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე.

ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უკვე წარედგინა. საკანონმდებლო ორგანოში პროგრამის განხილვა და მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში იგეგმება. ხვალ კი, ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.