მსოფლიოში ყოველდღიურად საშუალოდ, 137 ქალს მისი პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს. მონაცემებს გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო აქვეყნებს. სახლი კი, მკვლელობის ყველაზე გავრცელებული ადგილია. ეს გრაფიკული გამოსახულება ერთ დღეში მოკლულ ქალთა რიცხვს ასახავს.
2017 წელს მსოფლიოში 87 ათასი ქალი მოკლეს. ეს რიცხვი მხოლოდ იმ მონაცემებს ასახავს, რომელთა აღრიცხვაც სამართალდამცველებმა, მედია საშუალებებმა თუ სხვადასხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეძლეს. ამ ქალების ნახევარზე მეტი, სწორედ ახლობლის ხელით გარდაიცვალა. 30 ათასამდე ქალი მისმა პარტნიორმა, 20 ათასზე მეტი კი, ოჯახის სხვა წევრმა იმსხვერპლა.
ქალებს ხშირად მათი ახლობლები კლავენ.
აღსანიშნავია, რომ ყოველი 10 მოკლული ქალიდან რვა ფემიციდის მსხვერპლია.
BBC-ის რუბრიკამ 100 Women ექსპერიმენტის სახით, ერთი დღის განმავლობაში, მსოფლიოში მოკლული ქალებისა და ამ მკვლელობის შესახებ მედიაში ამბის გაშუქების ისტორიები შეისწავლა. ფემიციდის სტატისტიკა მძიმეა. აღმოჩნდა, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ დღეს, 2018 წლის პირველ ოქტომბერს, მსოფლიოს 21 ქვეყანაში 47 ქალი მოკლეს. მათგან ყველაზე პატარა 18-ის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 85 წლისაა. მრავალფეროვანია მკვლელობათა გეოგრაფიაც.
ფემიციდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი აზიის რეგიონზე მოდის, სადაც პარტნიორისა თუ ოჯახის წევრის მიერ, მხოლოდ 2017 წელს 20 ათასი ქალია მოკლული. აქ ხშირია მკვლელობები ე.წ. ღირსების სახელით.
ერთ-ერთი ასეთი მკვლელობის მსხვერპლია ნეჰა შარად ჩაუდური ინდოეთიდან. გოგონა მე-18 დაბადების დღის აღსანიშნავად მეგობარ ბიჭთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებული კი, მშობლებმა მოკლეს.
ყოველწლიურად ასობით ადამიანს სიყვარულისა და ოჯახის სურვილის წინააღმდეგ ქორწინების გამო კლავენ. ხშირად კი, მსგავსი შემთხვევები აღურიცხავი რჩება, რაც ზუსტი მონაცემების დადგენას ართულებს.
აფრიკის რეგიონი გაერო-ს მონაცემებით, ფემიციდის ასევე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. აქ გასულ წელს 19 ათასი ქალი მოკლეს.
ფემიციდის მიზეზი კი, ხშირად პარტნიორის მხრიდან ეჭვიანობა, მიტოვების შიში ან საკუთრების განცდა ხდება, როდესაც მამაკაცი თვლის, რომ ქალი მისი საკუთრებაა.
რთულია იმ ქალთა ბედიც, რომლებმაც თავად მოკლეს საკუთარი პარტნიორები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი ქალები ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარტნიორის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდნენ.
24 წლის ირანელი ზეინაბ სექაანვანი ქმრის მკვლელობისთვის სიკვდილით დასაჯეს. ის ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი სოფელში, ღარიბ ოჯახში იყო დაბადებული. სახლიდან უკეთესი მომავლის იმედით გაიქცა და ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომელიც მასზე ძალადობდა და განქორწინების ნებას არ აძლევდა. ის 17 წლის ასაკში ქმრის მკვლელობისთვის დააკავეს.
ორგანიზაცია Amnesty International -ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სიკვდილით დასჯამდე აღიარებითი ჩვენების მისაღებად სამართალდამცველებმა ის აწამეს.