მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრენბურთში მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გამოვლინდა ის ექვსი საუკეთესო ნაკრები გუნდი, რომელებიც მედლებისთვის იბრძოლებენ.
I ჯგუფში ნახევარფინალში გასასვლელად რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბრაზილიის, აშშ–ს და რუსეთის გუნდები იბრძოლებენ.
J ჯგუფში თავი მოიყარეს მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა პოლონეთმა, სერბეთმა და მასპინძელმა იტალიამ.
მესამე ჯგუფურ ეტაპზე ყველა მონაწილეს თამანაბარი შანსი ექნება, ვინაიდან წინა შეხვედრებში აღებული ქულები მათ აქ აღარ გადმოჰყვათ.
ორ–ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს. პირველი შეხვედრები 26 სექტემბერს გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა კი 30 სექტემბერს გახდება ცნობილი.