მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის წევრი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც ამის დრო დადგება
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც ამის დრო დადგება. ეს განცხადება სტამბოლში მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის წევრმა, ავსტრიის მიტროპოლიტმა და უნგრეთის ეგზარქოსმა, არსენიოსმა გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეეფალიის მინიჭების საკითხი სტამბოლში მიმდინარე სინოდის სხდომაზე განიხილეს, ხოლო გადაწყვეტილებას მსოფლიო პატრიარქი მიიღებს.
რუსეთის საპატრიარქოს პოზიციაზე საუბრისას არსენიოსმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ახალი პრობლემების შექმნა არ სურს.
„თუმცა მსოფლიო საპატრიარქო ღვთის დახმარებით, ისე იმოქმედებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად იყოს“,-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, დღეს სტამბოლში ჩავიდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით უნდა წარდგნენ. ერთ-ერთმა ეგზარქოსმა, დანიილ პამფილიისკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის ეკლესია უკვე 27 წელია მზადაა გაერთიანებისთვის, თუმცა კონკრეტულად როდის მოხდება ეს, მისთვის რთულია სათქმელია.