მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს #1TVSPORT
მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და ქართულ რაგბს წარმატებები უსურვეს:
„ბატონო იოსებ, გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. მივესალმები ყველა თქვენს განზრახვას საქართველოს რაგბის კავშირის ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ! მსოფლიო რაგბი მხარს დაგიჭერთ ამ წამოწყებაში!
გვსურს, რომ უახლოეს დროში დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და გუნდთან, რათა გადავწყვიტოთ არსებული პრობლემები და ვიზრუნოთ საქართველოში რაგბის ზრდისა და განვითარების პროცესის გაგრძელებაზე! ასევე მოუთმენლად ველით თქვენთან პირადად შეხვედრას“, – განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა.
„ბატონო იოსებ, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. საქართველოს რაგბის კავშირი რაგბი ევროპის უმნიშვნელოვანესი წევრია და ჩვენ უდიდესი ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს საარჩევნო პროცესს. ამ გაურკვევლობის პერიოდის შემდეგ, მოუთმენლად ველით თქვენთან ნორმალური თანამაშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ჩვენს ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მოახერხებთ ქართული სარაგბო თემის ყველა წევრის ერთ გუნდად შეკვრას და ერთიანი ძალებით თქვენ ქართულ რაგბს ახალ საფეხურზე აიყვანთ.
რაგბი ევროპის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას და მოუთმენლად ველი ახლო მომავალში თქვენთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობას“, – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.