მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ყინულის ჰოკეიში | საქართველოს ნაკრებმა ავსტრალია 3:2 დაამარცხა და პირველ ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მეხუთე შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალია 3:2 (0:1 3:0 0:1) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ დღეს საღამოს ხორვატიის ნაკრები ესპანეთს ჩვენთვის მისაღები ანგარიშით დაამარცხებს. ახლანდელი მდგომარეობით, ესპანეთს და საქართველოს 12-12 ქულა აქვს, ხორვატიის ნაკრებს – ცხრა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია, მეორე ტურში კი ისრაელს 7:3 მოუგო.
მესამე ტურში ჩვენი ეროვნული გუნდი მასპინძელთან, ესპანეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა, მეოთხე ტურში კი, სენსაციურად, ხორვატიას დიდი ანგარიშით 6:0 სძლია.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პირველ დივიზიონში გადავა.