მოყვარულთა ლიგაში სეზონი დასრულდა - მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა #1TVSPORT
მოყვარულთა ლიგის წლევანდელი სეზონი დასრულდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რაც ამ ტურნირისადმი ინტერესის ზრდასა და ლიგის პროგრესზე მიუთითებს.
მოყვარულთა ლიგის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა, მეშვიდე სეზონში 450-მდე საფეხბურთო გუნდი და 14 000-მდე მოყვარული ფეხბურთელი ჩაერთო. სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს საქართველოში სულ 12 ათასი ფეხბურთელი იყო, წელს კი უფრო მეტმა ფეხბურთელმა მოყვარულთა ლიგაში ითამაშა.
ეს სეზონი გამოირჩეოდა იმითაც, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სამოყვარულო გუნდმა, მოყვარულთა ლიგის 2021 წლის ჩემპიონმა „ბასიანმა“ მონაწილეობა მიიღო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო, ვინაიდან სამოყვარულო გუნდი პროფესიულ ტურნირზე პირველად მონაწილეობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს, უკვე მეორედ, მოყვარულთა ლიგის გუნდი მონაწილეობდა უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში, სადაც საქართველოს სახელი სწორედ „ბასიანმა“ გაიტანა და მეორე რაუნდში გასვლა მოახერხა.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში წელს პირველად, გოგონათა შორის 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატიც დაიწყო, რომელშიც 14 გუნდი და 273 მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ეს ტურნირები ტარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, თბილისის მერიისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადგომითა და თანაორგანიზებით.