სოლიდარობა უკრაინას - მოყვარულთა ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მოყვარულთა ლიგაში ახალი, მეშვიდე სეზონი გაიხსნა, რომლის სტარტმაც მეტეოროლოგიური პრობლემების გამო, 25 მარტის ნაცვლად აპრილისთვის გადაიწია.

მოყვარულთა ლიგის პირველი მატჩში დებიუტანტი „პანენკა“ წინა გათამაშების გამარჯვებულს, „ბასას“ დაუპირისპირდა – მატჩი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო.

ანგარიში თორნიკე ბარათაშვილმა გახსნა. „პანენკადან“ გოლი გიორგი ენუქიძემ გაიტანა, თუმცა ედგარ კარაზიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ბასას“ პირველი სამი ქულა მოუტანა.

პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. მატჩები ფეხბურთის ფედერაციის გლდანის, ვარკეთილისა და ვაკის ტექნიკური ცენტრების მოედნებზე ჩატარდება.

საქართველოს მოყვარულთა ლიგაში პირველი სეზონი 2015 წელს გაიმართა. მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილე გუნდების და ფეხბურთელების რაოდენობა. ტურნირის მიზანი ფეხბურთის განვითარება, მასობრიობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

მოყვარულთა ლიგა საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტურნირია – გასულ სეზონში ლიგაში 412 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 13 000-მდე მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოყვარულთა ლიგის ისტორიაში პირველად, წელს ლიგის ჩემპიონი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში ჩაერთვება – გარდა ამისა, 2021 წლის სეზონის გამარჯვებული ევროპის სამოყვარულო ტურნირზე, უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს.