მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
27 მარტს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ქართველი მოციგურავის ალინა ურუშაძის მიერ მოპოვებული ოლიმპიური საგზურის შემდეგ დღეს „გლობალ არენაზე“ საქართველოსთვის მეორე ოლიმპიური საგზური მოიპოვა მორის ყვითელაშილმა, რომელიც ორი პროგრამის ჯამური 231,81 ქულით 18 ქვეყნის იმ 23 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით 26 ქვეყნის 33 სპორტსმენს შორის ოლიმპიური საგზურების მფლობელები გახდნენ.
მორისმა საკმაოდ შედეგიანად იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში, სადაც მან სამი ურთულესი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყვიტა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საგზურის მოპოვების ბედი და საკმაოდ დაძაბული ასპარეზობის პირობებში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
მამაკაცთა კატეგორიაში ევროპული ქვეყნების სალიცენზიო ნუსხაში საქართველო რუსეთის, საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ მე-4 პოზიციაზეა და ეს იმის ფონზე, როცა ისეთმა რეიტინგულმა ქვეყნებმა , როგორებიცაა გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი ვერ შეძლეს ვერცერთი ლიცენზიის აღება და დარჩენილ სალიცენზიო კვოტისთვის ბრძოლა სექტემბერში ობერზდორფში მოუწევთ.