ბაკურიანი 2023 | ბუთა ელოშვილმა ფრი სკი ბიგ ეარის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა #1TVSPORT
ბაკურიანი 2023 | ბუთა ელოშვილმა ფრი სკი ბიგ ეარის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა #1TVSPORT

ბაკურიანში მიმდინარე  ფრისტაილისსნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 3 მარტს შეჯიბრება ფრი სკი ბიგ ეარში იმართება, სადაც ორ ქართველ სპორტსმენს, ბუთა ელოშვილსა და ლუკა ჩოფიკაშვილს უნდა მიეღო მონაწილეობა.

ჩოფიკაშვილმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ვერ მოახერხა, ელოშვილმა კი წარუმატებელი პირველი დაშვების შემდეგ, მეორე დაშვებაზე 56.60 ქულა დააგროვა, რაც ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბუთა ელოშვილმა თავისი გამოსვლა შეაფასა და ტურნირის შესახებაც ისაუბრა, სადაც ქართველი სპორტსმენებისთვის ეს ბოლო სატურნირო დღე იყო.

„მიხარია, რომ ამ პირობებში, ძლიერ წვიმაში და ქარში, რაც მქონდა გეგმაში, ის შევასრულე. მინდა, ლუკა ჩოფიკაშვილს ვუთხრა, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, რადგან წინ კიდევ სხვა შეჯიბრებებიც გვაქვს. მინდა, რომ მეტმა ხალხმა გვიყუროს, გვიგულშემატკივროს და ჩაერთოს ამ სპორტში. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ამ ყველაფრის დასაწყისი.

გეგმა გვქონდა, რომ ორივე შეჯიბრზე ტოპ 35-ში შევსულიყავით. სლოუფსტაილში გავედით 36-ე და 37-ე ადგილებზე, რაც ახლოს იყო გეგმასთან. ბევრი დრო მოსამზადებლად არ გვქონდა, წელიწად-ნახევარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება და გამოსვლა წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია საუკეთესო ათეულში ან ოცეულში მოხვდე, როცა ეჯიბრები ისეთ სპორტსმენებს, რომლებიც მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებენ. მადლობა ყველას, ვინც გვიგულშემატკივრა და ჩამოვიდა“.