მონტენეგროში რელიგიასთან დაკავშირებული სადავო კანონის მიღებას არეულობა მოჰყვა
მონტენეგროში რელიგიასთან დაკავშირებული სადავო კანონის მიღებას არეულობა მოჰყვა

მონტენეგროში „აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიური თემების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ კანონის მიღებას არეულობა და პროტესტი მოჰყვა.

კანონს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის იყვნენ, როგორც მმართველი სოციალისტების დემოკრატიული პარტიის, ისე სოციალ-დემოკრატების, „ლიბერალური პარტიის“, „ბოსნიის პარტიის“, ხორვატიის სამოქალაქო ინიციატივის, ალბანური „ახალი დემოკრატიული პარტიისა“ და ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრებიც.

კანონპროექტის დამტკიცების დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ ოპოზიციური „დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლები. პოლიციამ ამ მოძრაობის 18 დეპუტატი კენჭისყრამდე დააკავა. ამის მიზეზი პარლამენტში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში პიროტექნიკა გამოყენეს და კოლეგებს დაესხნენ თავს.

ოპოზიციონერების უკმაყოფილება გამოიწვია კანონში არსებულმა ჩანაწერმა, რომელის მიხედვითაც რელიგიური თემების წარმომადგენლებმა, 1918 წლამდე მათ მფლობელობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კანონს დისკრიმინაციულს უწოდებს. ამ ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის მიზანი მონტენეგროში მათი კუთვნილი ქონების ჩამორთმევაა.

კანონის დამტკიცების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა საავტომობილო გზები ჩახერგეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მოხდა შეტაკებაც. მოქალაქეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს​.

მონტენეგროში სულ 620 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია. ძირითადად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.

მონტენეგროს მართლმადიდებელ ეკლესიას კი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები არ აღიარებენ.

მონტენეგროს პრეზიდენტი სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას „პრო სერბული პოლიტიკის გატარებასა და სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაში სდებს ბრალს“.