ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება
ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა „პირობები უფრო უარესი იქნება“.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელიდან გაუშვა წაგებული ომიდან გასვლის შანსი, როდესაც უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, მოგვიანებით რუსეთს მაინც მოუწევს, დათანხმდეს გაცილებით ცუდ პირობებს.

„რუსებისთვის კარგი ამბები არაა.  პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან. რუსეთისთვის ვითარება მხოლოდ გაუარესდება. ბრძოლის ველზე დანაკარგები გაიზრდება. მარცხი სულ უფრო დამამცირებელი იქნება. ეკონომიკა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა რეცესიაში. გაქრება სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, გაიზრდება გადასახადები, ინფლაცია კი ყველაზე მეტად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას დაარტყამს.

რუსეთში უკვე აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი, სადაც უკრაინის შორი რადიუსის სანქციებს დაემალებით, თუმცა მათი ინტენსივობა გაიზრდება. საერთაშორისო ზეწოლა არ შესუსტდება, მხოლოდ გაძლიერდება. მათ შორის აქტივების გაყინვით, მოგზაურობის აკრძალვით და დანაშაულისთვის გარდაუვალი პასუხისმგებლობის დაყენებით“, – წერს სიბიგა.

მისი თქმით, პუტინი ვერასდროს მიაღწევს მის მიზანს ბრძოლის ველზე და უმჯობესი იქნება, უარი თქვას „ბოდვაზე, რომ უკრაინა მალე დაიშლება“, რომ პარტნიორების მხარდაჭერა შესუსტდება ან რუსეთზე ზეწოლა შემცირდება.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისით დათარიღებულ ღია წერილში ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, განესაზღვრათ თარიღი შეხვედრისთვის და დაესრულებინათ ომი. პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს შეხვედრის აზრს.