მონტენეგროში აქციაზე სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა
მონტენეგროში აქციაზე სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა

მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის მიერ ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელის დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რომლებიც სამართალდამცველებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ.

გავრცელებული ცნობით, მონტენეგროს პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი.

მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა დემონსტრანტებს მოუწოდა, უმაღლეს სამღვდელო თანამდებობაზე ჯოანიკიე მეორის ინაუგურაცია ჩაეშალათ.

მონტენეგროს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მონტენეგროს მოტროპოლიტად და ცეტინიეს არქიეპისკოპოსად იწოდება. ინაუგურაციამდე ასობით დემონსტრანტმა ცეტინიესთან მისასვლელი გზები გადაკეტა. ჯოანიკიე მეორე და სერბეთის პატრიარქი პორფირიე ცერემონიაზე ვერტმფრენით ჩაფრინდნენ.

სერბეთის გავლენის საკითხზე მონტენეგროს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც უთანხმოებაა, რადგან ქვეყნის სერბული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრმა, ზდვარკო კრივოკაპიჩმა საპროტესტო აქციებს „ტერორისტული აქტები“ უწოდა. მონტენეგროს მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სერბეთის გავლენის სიმბოლოა.

მონტენეგრო სერბეთს 2006 წელს გამოეყო, მაგრამ მონტენეგროს ეკლესია სერბეთის დაქვემდებარებაშია. მონტენეგროს მოსახლეობის მესამედი ეთნიკური სერბია და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ეთნიკურობის მიუხედავად, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრია.