ქართველმა მკლავჭიდელებმა, რომლებიც მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ, არჩევნების დასრულებამდე საპროტესტო აქციების შეჩერება გადაწყვიტეს. მათ „პრაიმტაიმის“ მედიაკლუბში პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მიზეზი პროტესტის პოლიტიკურ კალაპოტში გადაყვანის მცდელობაა, რასაც კატეგორიულად ემიჯნებიან.
სპორტსმენების თქმით, აქციები არჩევნების შემდეგ გაგრძელდება. რამდენიმე დღის წინ ფედერაციის გამგეობის სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომის ჩატარება ვერ მოხერხდა. ნაკრების მწვრთნელები და ვეტერანი მკლავჭიდელები გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდას, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომასა და ფედერაციაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ვასილ დაუთაშვილი, საქართველოს მკლავდჭიდის პარანაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენი საპროტესტო გამოსვლები, რატომღაც, ზოგიერთმა არჩევნებს დაუკავშირა, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენი გამოსვლები მხოლოდ მკლავჭიდის განვითარებასა და პრობლემების მოგვარებას ემსახურება და ამ ყველაფერის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა მიუღებელია. ჩვენი მიზანია, ამ კორუმპირებული, ბიუჯეტის წურბელისგან მკლავჭიდი გათავისუფლდეს“.
გენადი კვიკვინია, საქართველოს მკლავჭიდის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მკლავჭიდი ყოველთვის აპოლიტიკური იყო და გუნდმა ამიტომაც გადავწყვიტეთ, გავჩერდეთ და არჩევნების დასრულებას დაველოდოთ, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს. პოლიტიკაში შესვლა მიუღებელია, რადგან ეს სპორტს აზარალებს“.
ლევან საღინაშვილი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში: „ჩვენი ინტერესია, რომ მკლავჭიდში ვითარება გამოსწორდეს. ამ ყველაფერზე სოსო ჯაჭვლიანის პასუხი და ამასთან კახა კალაძის დაკავშირება იყო ამაზრზენი. 12 წელია სპორტს ვემსახურები და ჩემი ინტერესია, სახეობას და ფედერაციას ეშველოს და არ იყოს ვინმეს დუქანი“.