აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა აცხადებს, რომ შვილები ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით გააჩინა. ამის შესახებ მან ABC-ის სატელევიზიო შოუ „დილა მშვიდობისა ამერიკაში“ სტუმრობის დროს ისაუბრა. მიშელ ობამას თქმით, 20 წლის წინ რამდენჯერმე მუცელი მოეშალა და შვილების გასაჩენად ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართა, ამის გამო კი თავს მარტოსულად გრძნობდა.
„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ვერ შევძელი, რადგან არ ვიცოდი, რამდენად გავრცელებული იყო მუცლის მოშლა. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ საკუთარ ტკივილთან ერთად ვცხოვრობთ და გული გვაქვს გატეხილი“, – აღნიშნა მიშელ ობამამ ინტერვიუს დროს.
ყოფილი პირველი ლედის თქმით, ამ დროს ის 35 წლის იყო, სწორედ ამიტომ, შვილების გაჩენა ხელოვნური განაყოფიერებით გადაწყვიტა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის შვილები საშა და მალია ახლა 17 და 20 წლის არიან.