მილიარდერი იური მილნერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნას საკუთარი ძალებით გეგმავს
მილიარდერი იური მილნერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნას საკუთარი ძალებით გეგმავს

სამთავრობო კოსმოსურმა სააგენტოებმა შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლის ძებნის კოსმოსურ მისიებზე მონოპოლია დაკარგონ.

პროექტი Breakthrough Initiatives, რომელიც უკვე ეძებს შორეულ არამიწიერ ცივილიზაციათა შესაძლო სიგნალებს, განიხილავს შესაძლებლობებს, რომ არამიწიერი სიცოცხლე დედამიწასთან ახლომდებარე სხეულებზე ეძებოს. ამის შესახებ პროექტის დამფუძნებელმა იური მილნერმა განაცხადა.

„ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ მისიებზე მზის სისტემის მასშტაბით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ფონდის ფარგლებში, კერძო ფინანსებით, რაღაცის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია“, — განაცხადა მილნერმა NASA-ს ამესის კვლევით ცენტრში, მიღწევების პრემიის გადაცემის ცერემონიაზე.

იური მილნერი რუსი მილიარდერი და ტექნოლოგიების ინვესტორია. 2015 წელს თავის ცოლთან, ჯულიასთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია Breakthrough Initiatives. ორგანიზაციამ 100$ მილიონი უკვე შესწირა პროექტ Breakthrough Listen-ს, რომელიც არამიწიერ არსებათა სიგნალებზე ნადირობს. ასევე 100$ მილიონით დააფინანსა პროგრამა Breakthrough Starshot-ი, რომლის მიზანიც არის ციცქნა, ლაზერზე მომუშავე ხომალდის შექმნა, რომელიც უახლეოს ეგზოპლანეტათა სისტემებს ესტუმრება და გამოიკვლევს.

პოტენციურ Breakthrough მისიას მზის სისტემის მასშტაბით, სავარაუდოდ, იგივე ბიუჯეტი ექნება. მილნერის თქმით, პროგრამის დაფინანსება სამთავრობო პროექტებისაზე გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ორ წელიწადში წითელ პლანეტაზე დაჯდება და სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის NASA-ს მავალი 2020, რომლის ღირებულებაც 2,1 მილიარდი დოლარია.

თუმცა, მილნერს გარისკვა მაინც სურს.

საინტერესოა, სად შეიძლება გაიგზავნოს Breakthrough მისია? მილნერის აზრით, შესაძლო ადგილებს შორის განიხილავენ იუპიტერის მთვარე ევროპას და სატურნის მთვარე ენცელადს, რომლებსაც ყინულოვანი საფარის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანე აქვთ. მილნერი არც ვენერას მისიას გამორიცხავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვენერას ზედაპირზე ჯოჯოხეთური სიცხეა, ამ კონტექსტში მისი ხსენება შესაძლოა, გაგიკვირდათ, მაგრამ მილნერი აღნიშნავს, რომ ვენერას ღრუბლებში, ზედაპირიდან 40 კმ სიმაღლეზე, სიცოცხლისათვის ფრიად ხელსაყრელი გარემოა.

იური მილნერი სიცოცხლის პოტენციურ აკვნად ასევე ახსენებს მარსს, მაგრამ Breakthrough-ს სამიზნედ წითელ პლანეტას ნაკლებად განიხილავს.

ვარიანტებს შორის დიდად გასაკვირი არც ენცელადის დასახელებაა. გასული წლის ნოემბერში მილნერმა განაცხადა, რომ Breakthrough Initiatives-ი განიხილავს სატურნის ამ მთვარეზე ხომალდის გაგზავნის შესაძლებლობას, რომელმაც ენცელადის ზედაპირიდან ამოტყორცნილ წყლის ჭავლებში სიცოცხლის ნიშნები უნდა მოძებნოს. მეცნიერთა განცხადებით, ეს ჭავლები ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანიდან ამოიტყორცნება, სადაც შეიძლება, სიცოცხლეც ყვაოდეს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.