მიხეილ ყაველაშვილი - უახლოეს მომავალში შედგება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ
მიხეილ ყაველაშვილი - უახლოეს მომავალში შედგება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ

ჭიდაობაში ბევრი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, რითიც მთელი ერი ამაყობს, ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, ვერ იქნება წარმატებები, თუ ფედერაცია წარმატებულად არ იმუშავებს, – ამის შესახებ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მოვლენები, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის გარშემო განვითარდა არასასიამოვნოა და არავის ინტერესში არ შედის.

„შეხვედრა მქონდა განაწყენებულ სპორტსმენთანაც. მასაც მოვუსმინე და მის პრეტენზიებსაც გავეცანი. როგორც ზურა დათუნაშვილთან, ისე გეგა გეგეშიძესთანაც საკმაოდ გულწრფელად ვისაუბრეთ. კონკრეტულად ამ ფაქტზე გამოსავლის ძიებას რაც შეეხება, შემომთავაზეს, რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც დაესწრება ყველა, ვინც ჭიდაობის ეპოქას ქმნიდა. მნიშვნელოვანია, გადაწყდეს და მოგვარდეს პრობლემები. დაველოდებით პრეზიდიუმის სხდომის შედეგებს. გამოითქვა ინიციატივა, რომ სხდომას მე და სპორტის მინისტრიც დავესწროთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, რაც მოხდა, არავის მოსწონებია, ყველამ ერთხმად დაგმო, მომხდარს გეგა გეგეშიძეც ნანობს, მაგრამ ახლა დეტალებზე საუბარი საჭირო არ არის.

მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ აღნიშნა, რომ ნანობს თავის საქციელს და ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.

ამასთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ორი დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.  სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.