გეგა გეგეშიძე - ვნანობ ჩემს საქციელს, უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და მოვრჩეთ კინკლაობას
გეგა გეგეშიძე - ვნანობ ჩემს საქციელს, უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და მოვრჩეთ კინკლაობას

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში შედგება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

როგორც გეგა გეგეშიძემ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წელს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვების წელია და სპორტსმენებმა ვარჯიში უნდა გააგრძელონ.

„კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყველაფერზე ვისაუბრეთ. შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და ყველაფერს გადავწყვეტთ“, – განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, ნანობს თუ არა თავის საქციელს, ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა: „ვნანობ. ეს არ არის კარგი, ამას მოჰყვა გამოხმაურება. უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“.

ასევე, გეგეშიძის თქმით, ფედერაციაში მისი დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდიუმის სხდომაზე იქნება მიღებული.