მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გვეუბნება, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გვეუბნება, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება

თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ​თავიდანვე მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას.

„თუნდაც წარსულში, როდესაც ნატო-ს რამდენიმე წევრი წინააღმდეგი იყო ზოგიერთი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების, ჩვენ რეგიონში და დასავლეთ ბალკანეთში, მხარს ვუჭერდით მათ გაწევრიანებას. მაგრამ ნატო არ არის კავშირი, არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ალიანსი. ამიტომ საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ასევე არის სოლიდარობა, როდესაც ეს მოკავშირეებს სჭირდებათ. მაშასადამე, პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი), ღიად უჭერს მხარს და აქტიურად არის ჩართული „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთთან“. ესენი ტერორისტული ორგანიზაციები არიან. ისინი ყოველდღიურად ესხმიან თავს ჩვენ ჯარისკაცებს. ამიტომ მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჩვენი ბრძოლის გამო, იყო ექსპორტის შეზღუდვები თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციაზე, რომლის იმპორტსაც ვეწევით მოკავშირეებისგან და იმ ქვეყნებისგან, რომლებიც გეგმავენ ნატო-ში გაწევრიანებას. მაშასადამე, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ამ ორი ქვეყნის წევრობას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“. მოსახლეობა გვეუბნება, რომ დავბლოკოთ მათი წევრობა. ამაზე უნდა ვისაუბროთ ნატო-ს მოკავშირეებთან და ამ ორ ქვეყანასთან“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.