სკოტ ბესენტი – ირანის ლიდერების დიდი ნაწილი მიწისქვეშა ბუნკერებში იმყოფება და ვერ აღიქვამენ, რამდენად ცუდია ვითარება ზემოთ
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიწისქვეშა ბუნკერებში იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ვერ აღიქვამენ.
ბესენტმა ირანის ლიდერები „კანალიზაციის მილში მყოფ ვირთხებს“ შეადარა.
„მათი ლიდერების დიდი ნაწილი კანალიზაციის მილში მყოფ ვირთხებს ჰგავს. ისინი მიწისქვეშა ბუნკერებში არიან და ვერ აღიქვამენ, რამდენად ცუდია ვითარება ზემოთ“, – განაცხადა ბესენტმა.
ბესენტის თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ხელისუფლება სრულ იზოლაციაში ჰყავს.
„ჩვენ ირანის ხელისუფლება სრულ იზოლაციაში გვყავს. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება, ისინი იქ არიან ჩარჩენილი. მათ არ შეუძლიათ ლონდონში გაფრენა ოჯახის სანახავად, პარიზში შეყვარებულების, ჟენევაში საკუთარი ფინანსების სანახავად“, – განაცხადა ბესენტმა.
სკოტ ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაასუსტა და 2026 წლის მარტიდან 2027 წლის მარტამდე, ირანული რიალი ერთ წელიწადში 25%-ით დაეცემა, რაც მათთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ავიამზიდი USS Theodore Roosevelt ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ორ სხვა ამერიკულ ავიამზიდს შეუერთდება, რითაც რეგიონში ამერიკული ავიამზიდების საერთო რაოდენობა სამამდე გაიზრდება.
გამოცემა აშშ-ის სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ავიამზიდის ახლო აღმოსავლეთისკენ გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ირანმა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიშები განაახლა.
როგორც ცნობილია USS Theodore Roosevelt სინგაპურიდან 9 ნოემბერს გავიდა და ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. გამოცემა წერს, რომ არც პენტაგონს და არც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ავიამზიდის გადაყვანასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. USS Theodore Roosevelt-ის ახლო აღმოსავლეთში განლაგების შემდეგ რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდების რაოდენობა სამს მიაღწევს. ამჟამად რეგიონში იმყოფებიან ავიამზიდები USS George H.W. Bush და USS George Washington.