მეტოქე I სტალე სოლბაკენი ადასტურებს - ოსტიგორი ესპანეთთან შემადგენლობაში იქნება
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ნორვეგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა მალაგაში პრესკონფერენცია გამართა და დაადასტურა, რომ „ნაპოლის“ მცველი ლეო ოსტიგორი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ესპანეთთან ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ ოსტიგორს „ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტი თითქმის არ ათამაშებს. სოლბაკენმა შეკრების დაწყებამდე განაცხადა, რომ ოსტიგორის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და მან ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ახლა „ნაპოლის“ ცენტრალური მცველი სოლბაკენის ერთ-ერთი ფავორიტია.
„ლეო ოსტიგორს რაც შეეხება, ჩვენ მისით ყოველთვის აღფრთოვანებულები ვიყავით. მან ძირითადი შემადგენლობისკენ გზა იმის ხარჯზე გაიკაფა, რასაც ვარჯიშებზე აკეთებდა. ის შეკრებაზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა“, – თქვა სოლბაკენმა.
სოლბაკენი ნორვეგიის ნაკრებს ორშაბათიდან მარბელაში ავარჯიშებს. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მან წვრთნა მაღალი სიჩქარეებით და ინტენსიური დატვირთვებით ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში გუნდის ყველა წევრი მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთს ახალი მწვრთნელი და ბევრი ახალი მოთამაშე ჰყავს, ნორვეგიელთა თავკაცი შაბათს ძლიერ მეტოქეს ელის.
„ესპანეთში ბევრი ძლერი ფეხბურთელია დიდი კლუბიდან. მათ ძალიან ტექნიკური მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენი უმნიშვნელო უპირატესობა ის არის, რომ ისინი ზონაში პერსონალურ თამაშს მიჩვეულები არ არიან. თუ ჩვენ ზონაში კარგად ვითამაშებთ, ცუდი შედეგი შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა სოლბაკენმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და ნორვეგიის ნაკრებების შეხვედრა 25 მარტს, 23:45 საათზე გაიმართება. ამავე დღეს, 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).