ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან უნდა მოვიგოთ, სხვაგვარად ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსები შეგვიმცირდება #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან უნდა მოვიგოთ, სხვაგვარად ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსები შეგვიმცირდება #1TVSPORT

ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტალე სოლბაკენი იმედოვნებს, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი გუნდი უფრო ეფექტურად შემოდგომაზე ითამაშებს და 12 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებს მოუგებს. ამის შესახებ სოლბაკენმა ოსლოში, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ნორვეგიის ნაკრები შესარჩევ ჯგუფში კონკურენტებს ჩამორჩება. საქართველოსთან თამაში უნდა მოვიგოთ, რომ შანსი შევინარჩუნოთ. თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა, დარჩენილ თამაშებში მაქსიმალური რაოდენობის ქულები უნდა დავაგროვოთ.

ჩემი ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა „ულევაალზე“ ცხრაჯერ ითამაშა და ოთხჯერ მოიგო. რამდენიმე მატჩი გვქონდა, რომელშიც ამ სტადიონზე გოლი ვერ გავიტანეთ და 0:0 ვითამაშეთ, მხოლოდ ორი შეხვედრა წავაგეთ სერბეთთან და შოტლანდიასთან. დიდი იმედი მაქვს, საქართველოსთან მატჩში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

ოთხი მატჩის შემდეგ ნორვეგიას მხოლოდ ოთხი ქულა აქვს. მიმაჩნია, რომ გუნდმა იმაზე მეტი დაიმსახურა, ვიდრე მიიღო. წინა წლებისგან განსხვავებით, ნორვეგიის ნაკრები განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ბოლო მატჩებში ბევრი მომენტი შევქმენით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან უფრო ეფექტურები ვიყოთ და შანსები გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მცირე შანსი დაგვრჩება“, – ამბობს სტოლე სოლბაკენი.

ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.