მესტია ლუხმედით სრიალის ექსტრემალურ შეჯიბრებას უმასპინძლებს #1TVSPORT
ლუხმედით სრიალის ექსტრემალური შეჯიბრება 5 თებერვალს, 15:00 საათზე პირველად ჩატარდება მესტიაში. ღონისძიება სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახულ ხის ციგურებით სრიალის უძველეს ტრადიციას აცოცხლებს.
Red Bull Lukvrame-ს შექმნისა და ჩატარების იდეა საქართველოში დაიბადა და შეჯიბრება წლეულს პირველად გაიმართება სვანეთში, მესტიის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ლანჩვალში.
ლუხმედი – ხის ხელნაკეთი ციგურების მსგავსი ინსტრუმენტია, რომლით სრიალიც შესაძლებელია ყინულსა და დატკეპნილ თოვლზე. სწორედ ამიტომ, ღონისძიების სახელწოდებაში ფიგურირებს სვანური სიტყვა „ლუკვრამე“, რომელიც „გაყინულს“ ნიშნავს.
მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. ღონისძიების გამარჯვებულად გამოცხადდება ყველაზე სწრაფი სამი მონაწილე. ასევე, ჟიური გამოავლენს და დააჯილდოებს საუკეთესო კრეატიული სამოსის მქონე მოსრიალესაც.