ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებით დგამს პირველ ნაბიჯებს ალექსანდრე მერკვილაძე. ქუთაისელი კალათბურთელი მხოლოდ 18 წლისაა და ის უკვე NCAA-ის გუნდის ღირსეული წევრია და სათამაშო დროც საკმარისად აქვს.
მერკვილაძე „კალ სტეიტ ნორტრიჯ მატადორსის“ ღირსებას იცავს, მისი გუნდი კი Big West-ის კონფერენციაში ასპარეზობს, სადაც ამ ეტაპისთვის 3 მოგება და 5 მარცხი აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩში ნორტრიჯელებმა კალიფორნიულ „დევის ეიჯისთან“ 63:75 წააგეს, ქართველმა ფორვარდმა კი 16 ქულა მიითვალა. მან ამაზე შედეგიანად მხოლოდ სეზონის გახსნით შეხვედრაში ითამაშა, როდესაც „ვესტმონტ უორიორსს“ 20 ქულა ჩაუგდო.
ალექსანდრემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და ოთხივე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 7 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი თითო შეცდომა და პერსონალური ფოლი.
მიმდინარე სეზონში მერკვილაძის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 26.3 წუთი, 8.5 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი. „ნორტრიჯი“ მომდევნო მატჩს 20 თებერვალს „ჰავაი რეინბოუ უორიორსთან“ ჩაატარებს.