მერაბ ჟორდანია ფეხბურთში მალე დაბრუნდება და კლუბს აიყვანს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა.
„ქართველების ევროპაში გაყვანა მერაბ ჟორდანიამ დაიწყო. ის ამ სფეროში ქართველი მენეჯერების კაპიტანია. ქართული ფეხბურთისთვის ამ კუთხით მან ყველაზე მეტი გააკეთა. მსგავსი კავშირები საქართველოში არავის აქვს, უეფა-შიც და ფიფა-შიც დიდი პატივს სცემენ, ფეხბურთიც მაგრად იცის და სადაც წასულა, ქართველები ყველგან წაიყვანა. „ვიტესში“ სამი ქართველი ჰყავდა. „დინამოში“ მუშაობისას ბიჭები ევროპის წამყვან ლიგებში გაუშვა. მას ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა და თუ ყველაფერი კარგად აეწყობა, ფეხბურთში მალე ისევ გამოჩნდება. სად მიდის და რომელ კლუბში, ამას თავად იტყვის და ნახავთ, გუნდში რამდენ ქართველს წაიყვანს. დღეს ქართული ფეხბურთისთვის საქმის კეთება ასე წარმომიდგენია, რადგან ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მათ კი უცხოეთში გაყვანა და გზაზე დაყენება სჭირდებათ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მამუკა ჯუღელი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ჟორდანია 1992-1998 წლებში თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი იყო. 1998 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე ნოდარ ახალკაცი შეცვალა. 2002 წელს ფედერაციის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს, 2005 წელს კი თანამდებობიდან გადადგა.
2010 წელს ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბი, არნემის „ვიტესი“ შეიძინა, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი ჩაიყვანა – გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. ნიდერლანდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარიგება ლონდონის „ჩელსის“ მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა დააფინანსა, რომელსაც ჟორდანიასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. „ვიტესი“ „ჩელსის“ ფარმ-კლუბი გახდა და ლონდონური გუნდის საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკას მიიღებდნენ. 2013 წლის ოქტომბერში ჟორდანიამ კლუბში საკუთარი აქციები ბიზნესმენ ალექსანდრე ჩიგირინსკის მიჰყიდა, რომელიც ქუთაისშია დაბადებული და გაზრდილი.