მერაბ ჟორდანია - ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში ქართველ მოთამაშეებსაც გზას უხსნის #1TVSPORT
მერაბ ჟორდანია - ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში ქართველ მოთამაშეებსაც გზას უხსნის #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული თამაში ქართულ ფეხბურთსა და ქართველ მოთამაშეებზე დადებითად აისახება.

„კვარაცხელია კარგი თამაშით ევროპაში სხვა ქართველ მოთამაშეებსაც გზას უხსნის. 90-იანი წლები მახსენდება, როდესაც ჩვენს ფეხბურთს ევროპაში გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია და სხვები წარმოადგენდნენ, ქართველი ფეხბურთელების ევროპის წამყვან კლუბებში ტრანსფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დღესაც ანალოგიური ვითარებაა, კვარაცხელიამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენს ფეხბურთელებზე სერიოზულ დონეზე ვილაპარაკოთ“.

ჟორდანიამ გაიხსენა, რომ კვარაცხელიას პერსპექტივაზე წლების წინ გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა: „შემიძლია სიამაყით გავიხსენო, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ და „სილქ სპორტზე“ კვარაცხელიას პერსპექტივაზე ვთქვი, რომ 19 წლის კვარაცხელია 19 წლის კრიშტიანო რონალდოს მირჩევნია-მეთქი. მეორე დღეს ამის გამო ბევრი ხუმრობანარევი შეფასება მოვისმინე. დღეს კი ამ განცხადებაზე არავის აღარ გაეცინება, ყველა ხვდება, რომ ხვიჩა სერიოზული ტალანტია“.