ავსტრიული გამოცემა - „აუსტრიაში“ ჟორდანია სურგულაძის ფინანსური მხარდაჭერით მოდის #1TVSPORT
ავსტრიული გამოცემა - „აუსტრიაში“ ჟორდანია სურგულაძის ფინანსური მხარდაჭერით მოდის #1TVSPORT

ვენის „აუსტრიაში“ ქართველი ინვესტორის, მერაბ ჟორდანიას პრეზენტაციის მოლოდინში არიან, რომელიც რამდენიმე მილიონიან ინვესტიციებს განახორციელებს – ინფორმაციას ავსტრიული ვებ-გვერდი heute.at-ზე გამოქვეყნებულ წერილში („აუსტრია“ ინვესტორს წარმოადგენს) ვკითხულობთ.

„დადგა დრო და ვენის „აუსტრია“ ახალი ინვესტორის საიდუმლოს გაამჟღავნებს. წელიწადნახევრის ინტენსიური ძიების შემდეგ, გუნდმა ინვესტორი მონახა. და ეს ბოლო წამს. მართლაც, ვენელებს ბუნდესლიგაში ახალი სეზონის სალიცენზიო დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ. მაგრამ ბიუჯეტში მინუს 18,8 მილიონი ევროს დანაკლისი პრობლემა აღარ არის, რადგან მის მოგვარებას, ფორმალური აქტის გარდა, წინ აღარაფერი უდგას“, – წერს გამოცემა.

ცნობილი გახდა, რომ მერაბ ჟორდანია ვენის „აუტსრიაში“ მისული ერთადერთი ქართველი არაა.

„ვენის „აუსტრიას“ ახალი დამფინანსებელი ქართველი მიხეილ სურგულაძე გახდება, რომლის მფლობელობაშიც კომპანია Insignia Group-ია. გუნდის მმართველი კი გახდება მისი თანამემამულე მერაბ ჟორდანია. იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და პრეზენტაციაზე მას შვილი წარადგენს“.

heute.at ამტკიცებს, რომ მერაბ ჟორდანია ავსტრიულ კლუბში 7 მილიონ ევროს დააბანდებს.

„უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ქართველი დონორები ავსტრიაში დაახლოებით შვიდ მილიონ ევროს დააბანდებენ. ამრიგად, Insignia Group- მა გარკვეული დროით „აუსტრიას“ მომავალი უზრუნველყო. აქციების 70 პროცენტი ეკუთვნის Insignia Group-ს, ხოლო 30 პროცენტი – Austria AG-ს. ამასობაში, კლუბის დირექტორატის წევრმა მარკუს კრეტშმერმა დაადასტურა, რომ კლუბის მაისურის ფერები და ლოგო არ შეიცვლება. სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები წარუმატებელი ამის გამო აღმოჩნდა“.

აღსანიშნავია, რომ „აუსტრიამ“ავსტრიულ კლუბებს შორის ყველაზე მეტი ეროვნული ტიტული მოიგო – ავსტრიის ბუნდესლიგა 24-ჯერ, ავსტრიის თასი – 27-ჯერ, ხოლო 6-ჯერ – ავსტრიის სუპერთასი. სულ ავსტრიაში ორი გუნდია, რომელიც დაბალ ლიგაში არასოდეს დაქვეითებულა – ვენის „რაპიდი“ და „აუსტრია“. კლუბმა 1978 წელს მიაღწია თასების მფლობელთა თასის ფინალამდე, ხოლო შემდეგ სეზონში – ჩემპიონთა თასის ნახევარფინალამდე.

მიხეილ სურგულაძე იყო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, რომელმაც 90-იან წლებში დააფუძნა იმ დროისთვის ცნობილი კომპანია „ვესტა“.

ის მერაბ ჟორდანიას დიდი ხნის პარტნიორია. 1999 წელს წამოიწყეს ახალი პროექტი, რომლის მიზანიც თბილისის „დინამოში“ ინვესტორად საერთაშორისო კომპანიის შემოყვანა იყო, რომელიც ლონდონის „ფულჰემის“ მეპატრონე, ეგვიპტელი მილიარდელი მოჰამედ ალ-ფაიედი ფლობდა. სწორედ მაშინ ჩამოვიდა გუნდში ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი. საბოლოოდ, პროექტი ვერ განხორციელდა.

სურგულაძისა და ჟორდანიას ტანდემის მორიგი პროექტი 2014 წელს მალტურ კლუბ „ვალეტაში“ განხორციელდა. ჟორდანია სწორედ მისი ფინანსური მხარადჭერით მოხვდა.