„სკაი სპორტსთან“ ოფიციალურად დაადასტურეს - ჟორდანია „აუსტრიას“ ინვესტორია და მალე წარადგენენ
„სკაი სპორტსთან“ ოფიციალურად დაადასტურეს - ჟორდანია „აუსტრიას“ ინვესტორია და მალე წარადგენენ

გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ვენის „აუსტრიას“ დირექტორთა საბჭომ გუნდში მერაბ ჟორდანიას მისვლას „მწვანე შუქი“ აუნთო, – ინფორმაციას Sky Sport Austria ავრცელებს.

„ახალ ინვესტორთან სტრატეგიული პარტნიორობის და გუნდში მისვლის ამბავი ოფიციალურად უახლოეს კვირაში გამოცხადდება. „აუსტრიას“ მწვრთნელმა პიტერ შტეგერმა Sky-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკვე დაადასტურა, რომ ქართველი ბიზნესმენი მერაბ ჟორდანია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინვესტორთა ჯგუფში“, – წერს Sky Sport Austria.

ცნობილი სპორტული არხის ინტერნეტ-გვერდზე შტეგერის კომენტარიც გამოქვეყნდა.

„მერაბს უკვე დავუკავშირდი და მომდევნო კვირაში უნდა მოვილაპარაკოთ, თუ როგორ შეიძლება კონსტრუქციული თანამშრომლობა დავიწყოთ. მე მჯერა, რომ გუნდი მათი მოსვლით სალიცენზიო გარანტიას მიიღებს. ჩვენთან მოვიდა ხალხი, რომლებიც საფეხბურთო ბიზნესს იცნობენ”, – ამბობს შტეგერი, რომელიც Sky Sport Austria-ს ცნობით, მერაბ ჟორდანიას გერმანიაში ყოფნის დროიდან იცნობდა.

გამოცემა მერაბ ჟორდანიას ბექგრაუნდს იხსენებს.

„მერაბ ჟორდანიას გუნდში მისვლაზე ხმები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა. პირველი ნიშანი იყო თებერვლის დასაწყისში მისი ვაჟის, ლევან ჟორდანიას ახალგაზრდა „იისფერებში“ (გუნდის ზედმეტსახელია) ჩარიცხვა. ქართველ ბიზნესმენს კარგი ურთიერთობა აქვს „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან, 2010 წლიდან 2013 წლამდე კი ტრადიციულ ნიდერლანდურ კლუბს, არნემის „ვიტესს“ ფლობდა“.

2013 წელს ჟორდანიამ არნემულ კლუბთან ურთიერთობა გაწყვიტა და ნიდერლანდურ ტაბლოიდ De Telegraaf-ში განაცხადა, რომ „ვიტესი“ გრანდი არ უნდა გამხდარიყო, რადგან ის დაკავშირებულია „ჩელსისთან“. ლონდონურ კლუბს კი „ვიტესის“ ევროთასებზე მოხვედრა ამიტომ არ სურდა, რადგან ამით უეფა-ს დაუპირისპირდებოდა.

უეფა-ს რეგულაციებში ნათქვამია, რომ ერთი მფლობელის ორი გუნდი ერთ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან, როგორც ჩანს, არნემელებს ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.