მექსიკის ხელისუფლებამ აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტი ქალები და ბავშვები ქვეყანაში შეუშვა

04:49, 21.10.2018

მექსიკის ხელისუფლებამ ასობით მიგრანტს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცა. როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, მექსიკის მთავრობამ ქალებსა და ბავშვებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა. მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში მიემართებიან, მექსიკაში, დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მექსიკისა და გვატემალის საზღვარზე ჰონდურასიდან მომავალი ათასობით მიგრანტი იმყოფება. მათ მექსიკის საზღვრის გადაკვეთა თვითნებურად სცადეს, რასაც შეტაკება მოჰყვა. დაშავდა ექვსი პოლიციელი. მექსიკაში შეღწევა 650-მა მიგრანტმა შეძლო. ნაწილმა საზღვარზე გამავალი მდინარე გადაცურა. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და მიგრანტებმა უკან დაიხიეს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰონდურასის, სალვადორის და გვატემალის მთავრობა გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი ამ ქვეყნებს ფინანსურად აღარ დაეხმარება, თუ ისინი არალეგალური მიგრაციის პრობლემას არ მოაგვარებენ. სამივე ქვეყნის ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა, აშშ-ისკენ მიმავალ „მიგრანტების ქარავანს“ არ შეუერთდნენ. მიგრანტების ნაწილი საზღვრიდან უკან ავტობუსებით გააბრუნეს. მიუხედავად ამისა, მექსიკის საზღვარზე ათასობით არალეგალი მაინც რჩება.

მსგავსი