რობერტა მეცოლა – ევროკავშირს სჭირდება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ზრდას შეუწყობს ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს

18:17, 26.11.2026

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირს სჭირდება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ზრდას შეუწყობს ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს.

„ეს მხოლოდ სოლიდარობა არ არის – ეს ინვესტიციაა უკრაინის მომავალსა და თავად ევროპის უსაფრთხოებაში. სასწორზე გაცილებით მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინის საზღვრებს მიღმა არსებული საკითხები და ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, – განაცხადა მეცოლამ.

მისი თქმით, კოჰეზიის ფონდების დაფინანსების შემცირების ახსნა რთული იქნება. როგორც მეცოლამ აღნიშნა, ევროპარლამენტის საბოლოო თანხმობა გარანტირებული არ არის, მაშინაც კი, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმებას მიაღწევენ.

„მე მკაფიოდ განვაცხადე და ყოველთვის ვამბობდი: ევროპარლამენტი უბრალო ბეჭდის დამსმელი არ არის. არასდროს იქნება და არც არასდროს ყოფილა. ამიტომ, ვნახოთ, რა კომპრომისულ პოზიციას შეიმუშავებს საბჭო მას შემდეგ, რაც ყველა მხარის წითელი ხაზები გადაილახება“, – აღნიშნა მეცოლამ.

მისი თქმით, თუ საბჭო ევროპარლამენტის ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს, ეს ორ ინსტიტუტს შორის მოლაპარაკებებს გაამარტივებს და დადებითი შედეგის მიღწევას შესაძლებელს გახდის.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მომდევნო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო ხმათა უმრავლესობით – 720-დან, სულ მცირე, 361 ხმით უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის ინსტიტუციური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაიმართება, მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები საკუთარ პოზიციას საბოლოოდ შეაჯერებენ.

მსგავსი