მექსიკის ხელისუფლებამ აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტი ქალები და ბავშვები ქვეყანაში შეუშვა
მექსიკის ხელისუფლებამ ასობით მიგრანტს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცა. როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, მექსიკის მთავრობამ ქალებსა და ბავშვებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა. მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში მიემართებიან, მექსიკაში, დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მექსიკისა და გვატემალის საზღვარზე ჰონდურასიდან მომავალი ათასობით მიგრანტი იმყოფება. მათ მექსიკის საზღვრის გადაკვეთა თვითნებურად სცადეს, რასაც შეტაკება მოჰყვა. დაშავდა ექვსი პოლიციელი. მექსიკაში შეღწევა 650-მა მიგრანტმა შეძლო. ნაწილმა საზღვარზე გამავალი მდინარე გადაცურა. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და მიგრანტებმა უკან დაიხიეს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰონდურასის, სალვადორის და გვატემალის მთავრობა გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი ამ ქვეყნებს ფინანსურად აღარ დაეხმარება, თუ ისინი არალეგალური მიგრაციის პრობლემას არ მოაგვარებენ. სამივე ქვეყნის ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა, აშშ-ისკენ მიმავალ „მიგრანტების ქარავანს“ არ შეუერთდნენ. მიგრანტების ნაწილი საზღვრიდან უკან ავტობუსებით გააბრუნეს. მიუხედავად ამისა, მექსიკის საზღვარზე ათასობით არალეგალი მაინც რჩება.