ცნობილმა პრომოუტერმა, კომპანია Top Rank Promotions-ის დამფუძნებელმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო კენჭს იყრის 2022 წელს ფილიპინების პრეზიდენტის პოსტზე.
„ვფიქრობ, პაკიაო იქნება მებრძოლის რანგში პირველი პრეზიდენტი. მე ველაპარაკე მას და მითხრა: „ბობ, ვაპირებ 2022 წელს, პრეზიდენტობაზე კენჭი ვიყარო. და როცა გავიმარჯვებ, მინდა, რომ შენ ჩემს ინაუგურაციაზე იყო“, – განუცხადა არუმმა გაზეთ „სანს“.
41 წლის პაკიაომ თავისი ბოლო ორთაბრძოლა გასული წლის ივლისში ჩაატარა და ქულებით დაამარცხა კიტ ტურმანი, რითაც ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
25-წლიან კარიერაში მენიმ 71 ბრძოლიდან 62 მოიგო. ის არის ერთადერთი მოკრივე ისტორიაში, რომელიც რვა წონით კატეგორიაში ყოფილა ჩემპიონი.
ფილიპინებში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 9 მაისს გაიმართება.