მელქაძე ტრავმირებულია - საუკეთესო შემთხვევაში ოქტომბერში დავბრუნდები #1TVSPORT
რუსეთის ჩემპიონატში უკვე 8 ტური გაიმართა, მაგრამ გიორგი მელქაძემ ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა და ისიც, მხოლოდ 8 წუთით.
საქმე ისაა, რომ გიორგი მოსკოვის „სპარტაკში“ გროზნოს „ახმატიდან“ იჯარის შემდეგ დააბრუნეს, მაგრამ წარმოშობით ქართველი შემტევი ნახევარმცველი დაშავდა.
მან „სპორტ24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოედანს სავარაუდოდ შემდეგ თვეში დაუბრუნდება.
„საუკეთესო შემთხვევაში ოქტომბრის შუა რიცხვებში დავბრუნდები. რატომ ამდენი ხანი? ტრავმა ასეთია, ზურგი მტკივა და ექიმები მეუბნებიან, რომ მანამდე ეს შეუძლებელია”, – განაცხადა მელქაძემ Sport24-ის კორესპონდენტთან.
გიორგი მელქაძე მოსკოვში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი მოსკოვის „სპარტაკის“ აღზრდილია. გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2015 წლის 17 მაისს ცსკა-ს წინააღმდეგ ჩაატარა. იჯარით თამაშობდა „ტოსნოში“, „ტამბოვში“, გროზნოს „ახმატში“, 2019 წლის 29 მაისს „სპარტაკთან“ კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.
მელქაძე იყო რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი – უთამაშია 15, 16, 17, 18, 18 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.