კვარაცხელიამ სუპერგოლი გაიტანა - „რუბინს“ ქულები მეორე ქართველმა გამოგლიჯა (ვიდეო)
კვარაცხელიამ სუპერგოლი გაიტანა - „რუბინს“ ქულები მეორე ქართველმა გამოგლიჯა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპოიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, მაგრამ ყაზანის „რუბინს“ რუსეთის პრემიერ ლიგის მე -10 ტურის მატჩი მისმა გოლმაც ვერ მოაგებინა.

ყაზანელები საშინაო არენაზე გროზნოს „ახმატს“ შეხვდნენ და ფრედ ითამაშეს 1:1. „აკ ბარს არენაზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 53-ე წუთზე გახსნა. 19 წლის თავდამსხმელმა მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრთან აართვა, მეორეს სისწრაფეში გაცდა, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

68-ე წუთზე „რუბინი“ 10 კაცით დარჩა დარკო იევტიჩის გაძევების გამო, რომელმაც ოთხი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. 80-ე წუთზე კი „ახმატმა“ წონასწორობა აღადგინა და გროზნოელებიდანაც გოლის ავტორი წარმოშობით ქართველი იყო – თერთმეტმეტრიანიდან გიორგი მელქაძემ გაიტანა და მატჩი 1:1 დასრულდა.

„რუბინმა“ რუსეთის პრემიერ ლიგის მე -10 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.