19-წლამდელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა მელქაძემ, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს - მისი მენეჯერი ასეთ გადაწყვეტილებას არ ადასტურებს #1TVSPORT
19-წლამდელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა მელქაძემ, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს - მისი მენეჯერი ასეთ გადაწყვეტილებას არ ადასტურებს #1TVSPORT

რუსეთის პრემიერლიგელი „სოჭის“ ფორვარდმა გიორგი მელქაძემ ეროვნულ ნაკრებში საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ისაუბრა.

„საერთოდ, ასეთი ფიქრები მქონდა, როცა 24-25 წლის გავხდი. ფეხბურთელი კარგ ფორმაში აქტიურად მხოლოდ რამდენიმე წელი თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა მინდა. საქართველოს ფედერაციასთან ამ თემაზე ჯერჯერობით არ მილაპარაკია. მშობლები ამბობენ: დაველოდოთ ამ სეზონს, მოვიცადოთო, მაგრამ კარპინი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი) მომაქცევს ყურადღებას? ჯერ ზუსტად არ ვიცი, ვნახოთ“, – ციტირებს მელქაძის სიტყვებს RB Sport.

25 წლის მელქაძეს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩიც არ უთამაშია. თავდამსხმელი თამაშობდა მხოლოდ ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებეში, სადაც ჯამში 40-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მას ქართული ფესვები აქვს და ოჯახის წევრები დღემდე სამტრედიაში ცხოვრობენ.

2015 წელს, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, ფეხბურთელი საბერძნეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. 2022 წლის იანვარში მელქაძე „სოჭში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა გუნდში 8 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ოთხშაბათს, 7 სექტემბერს, რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გამოაცხადა გაფართოებული შემადგენლობა ყირგიზეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის. გუნდთან შეხვედრა 24 სექტემბერს ბიშკეკში გაიმართება. ასევე ნოემბერში ვალერი კარპინის გუნდი ირანთან სტუმრად ითამაშებს. მელქაძე იმედგაცრუებულია, რომ სიაში ვერ მოხვდა.

„სოჭის“ ქართველი თავდამსხმელის ნათქვამზე კომენტარი საფეხბურთო აგენტმა დიმიტრი ანდრეევმა Sport24-თან გააკეთა.

„გიორგის განცხადება კონტექსტიდან ამოღებულია. ამ ინტერვიუს სრულ ვერსიაში არ იყო კონკრეტული სიტყვები მოქალაქეობის შეცვლის გეგმებზე. გიორგის ჰკითხეს, უფიქრია თუ არა ოდესმე არა რუსეთის, არამედ საქართველოს სახელით თამაშზე და მან უპასუხა „დიახ“. რატომ არ უნდა არსებობდეს ასეთი აზრები? გიორგი თამაშობს, ცდილობს, სარგებლობა მოაქვს, მაგრამ რუსეთის ნაკრებში არ იძახებენ. წლები კი გადის, გიორგის კი საერთაშორისო დონეზე თამაში სურს. დიახ, გიორგი საქართველოს ნაკრებში თამაშის თეორიულ შესაძლებლობაზე ფიქრობდა, მაგრამ ამჟამად ამის რეალიზებისთვის ნაბიჯი არ გადაუდგამს. მეტიც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდანაც შესაბამისი წინადადება არ ყოფილა: გიორგისთვის მოქალაქეობის შეცვლაზე არავინ მიუმართავს. და თუ ასე მოხდება, გიორგი დაფიქრდება. ამ მომენტში კი, ვიმეორებ, არ აქვს კონკრეტული ქმედებები და აზრები მოქალაქეობის შეცვლაზე“, – აცხადებს მელქაძის აგენტი.