მეისონ გრინვუდის მდგომარეობა მძიმდება - „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს უკვე მკვლელობის მუქარასაც ედავებიან #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის მეისონ გრინვუდის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. თავდაპირველად, 30 იანვარს დაიწერა, რომ 20 წლის ინგლისელი მანჩესტერის პოლიციამ დააკავა. გრინვუდი ეჭვმიტანილია მეგობარი გოგონას თავდასხმასა და გაუპატიურებაში.
როცა ამ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გაურკვეველი ვადით ჩამოშორებულია ვარჯიშებსა და თამაშებს, საკლუბო მაღაზიიდან კი აიღეს ყველა ატრიბუტი, რაც კი ამ ფეხბურთელს უკავშირდება.
დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ, გრინვუდს ახალი ბრალდებები წაუყენეს. ახლა მას ედავებიან სექსუალურ ზეწოლასა და მკვლელობის მუქარას, – წერს გამოცემა The Athletic.
შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდის მეგობარმა გოგონამ ჰერიეტ რობსონმა ფეხბურთელი მისი მისამართით ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, აგრეთვე საკუთარ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ვიდეო სისხლიანი სახით.
გარდა ამისა, რობსონმა განათავსა ფოტო, სადაც სახეზე არა ერთი ნაიარევი აქვს და ამას დაამატა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის ჩხუბი მასსა და გრინვუდს შორის. კერძოდ, ამ ჩანაწერის მიხედვით ფორვარდი გოგონას ძალდატანებით სექსუალურ კონტაქტს აიძულებს.
„ეს არის ყველასთვის, ვისაც სურდა იმის ცოდნა, რას მიკეთებს მეისონ გრინვუდი“, – მიაწერა ერთ-ერთ „სთორის“ რობსონმა.