მედიის ინფორმაციით, ჩინეთში უიღურებს წვერისთვის, ჩადრის ტარებისა და ინტერნეტის მოხმარებისთვის აპატიმრებენ
ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მუსლიმ უიღურებს წვერისთვის, ჩადრის ტარებისა და ინტერნეტის მოხმარებისთვის აპატიმრებენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, 137-გვერდიანი მოხსენება დეტალურად აღწერს მოქალაქეებზე დაკვირვებას, თუ რა სიხშირით ლოცულობენ ადამიანები, როგორც იცვამენ, ვის ეკონტაქტებიან და როგორ იქცევიან მათ ოჯახის წევრები.
სინძიანის პროვინციაში მოსახლეობის შევიწროების ბრალდებებს ჩინეთი უარყოფს და აცხადებს, რომ ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის პრევენციას ახდენს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 38 წლის ქალი ე.წ. გადამზადების ბანაკში მხოლოდ ერთი მიზეზით გაგზავნეს, რომ წლების წინ ჩადრს ატარებდა. 28 წლის მამაკაცი ბანაკში უცხოურ ვებგვერდზე შესვლისთვის აღმოჩნდა. ჩინეთის დასავლეთში მცხოვრები მუსლიმი უიღურები ენით და კულტურით ცენტრალური აზიის ხალხებთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე ჩინეთის ეთნიკურ უმრავლესობასთან.