მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის გაყვანა სურს
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის გაყვანა სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა სურს. „უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, საუბარია 9 500 სამხედრო მოსამსახურის გაყვანაზე. სულ გერმანიაში 34 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული.

ამერიკული მედიის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები გერმანიას სექტემბერში დატოვებენ. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გერმანიაში ერთდროულად 25 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო არ უნდა იმყოფებოდეს.

პენტაგონში და გერმანიის საელჩოში ჯერ ამ ინფორმაციას არ გამოხმაურებიან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებს გერმანიას არასაკმარისი სამხედრო ხარჯების გამო. 2019 წლის აგვისტოში გერმანიაში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ გრენელმა დაიმუქრა, თუკი გერმანია სამხედრო ხარჯებს არ გაზრდის, მაშინ აშშ-ი ქვეყნიდან სამხედროებს გაიყვანს.