მედიის ცნობით, 9 ივნისს ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას შესაძლოა, ჯო ბაიდენი დაესწროს
მედიის ცნობით, 9 ივნისს ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას შესაძლოა, ჯო ბაიდენი დაესწროს

პოლიციის მხრიდან ძალადობს შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონია ჰიუსტონში 9 ივნისს გაიმართება. მანამდე, მემორიალური ღონისძიებები ჩატარდება ასევე მინესოტასა და ჩრდილოეთ კაროლინაში. სამგლოვიარო ცერემონიისა და დაკრძალვის ხარჯებს ცნობილი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი დაფარავს.

მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში გადასვლამდე, ჯორჯ ფლოიდი ჰიუსტონში ცხოვრობდა.

როგორც „სიენბისი“ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, მოსალოდნელია, რომ ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაესწროს. „სიენბისი“ აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, დაესწრება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკრძალვას.

46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოდი 25 მაისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ მინეაპოლისში მაღაზიასთან სავარაუდოდ 20-დოლარიანი ყალბი ჩეკის გამოყენებისთვის დააკავა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელ დერეკ შოვინს კი, მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევასთან დაკავშირებით მინეაპოლისის პოლიციის ოთხ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა, მათგან ერთ-ერთს, დერეკ შოვინს კი, ბრალი მკვლელობაში წაუყენეს.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი არეულობა მოჰყვა.