ლეგენდარულმა ფრანგმა ბიატლონისტმა მარტენ ფურკადმა გადაწყვიტა – გამოტოვოს მსოფლიოს თასის უახლოესი ეტაპები, რომლებიც კანადასა და აშშ-ში გაიმართება.
„სამწვრთნელო შტაბთან ერთად გადავწყვიტე – გამოვტოვო ეტაპები ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ყოველთვის პატივს ვცემდი ბრძოლას მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში.
ამ მომენტისთვის, არ შემიძლია პირველი ადგილისთვის ბრძოლა, ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დამეხმარება ძველი დონის დაბრუნებაში“, – განაცხადა ფრანგმა.
2018-19 წლების სეზონში გამართულ 15 რბოლაში ფურკადმა მხოლოდ ორი მოიგო. მას 554 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 836 ქულით უკონკურენციოდაა ნორვეგიელი იოჰანეს ტინეს ბოე, რომელმაც ამ სეზონში 11 რბოლა მოიგო.
წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ბიატლონში 7-17 მარტს, შვედეთის ქალაქ ოსტერსუნდსში გაიმართება.