მარკო რუბიო - ნიკოლას მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მთავრობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ უჭერს მხარს ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენას ნიკოლას მადუროს მიერ არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელწოდებით „ამერიკა ვენესუელის ხალხს უჭერს მხარს: ერთი წელი ყალბი არჩევნების შემდეგ“.
„მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მთავრობას“, – აღნიშნავს რუბიო თავის განცხადებაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მადურო ნარკო-ტერორისტული ორგანიზაციის, „კარტელ დე ლოს სოლესის“ ლიდერია, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოტიკებით ვაჭრობაზე ამერიკასა და ევროპაში.
მარკო რუბიოს განცხადებით, ვენესუელაში მადუროს რეჟიმი წლების განმავლობაში იყენებდა მანიპულაციას საარჩევნო სისტემაზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მუნიციპალური არჩევნების დანიშვნა 28 ივლისს – გასული წლის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, რუბიოს თქმით, კიდევ ერთი მცდელობაა ხალხის ნების ჩასახშობად სამხედრო და საპოლიციო ძალების გამოყენებით“.
„შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას მადუროს კორუმპირებული, კრიმინალური და უკანონო რეჟიმის პასუხისგებაში მისაცემად. ისინი, ვინც არჩევნებს იპარავენ და ძალას იყენებენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ძირს უთხრიან ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.