აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლა წინ „საბედისწერო დღეებია“.
„ჩვენ გვსურს მშვიდობის ხელშეწყობა. ჩვენ კვლავ გვაქვს უსაფრთხოების გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ, რუბიომ განაცხადა, რომ წინ ბევრი სამუშაოა, თუმცა პოზიტიურად არის განწყობილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მთავარ პრიორიტეტად აქცია.
„ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილნი ამის მიმართ. ჩვენ კარგ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ერთხელ უკვე გავაკეთეთ შეუძლებელი და ვაპირებთ ამის გაგრძელებას. მე დღეს აქ ვარ, რადგან ეს პრიორიტეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა და უფრო დიდი მიღწევები გველოდება. დარწმუნებულები ვართ, რომ, სერიოზულიი დაბრკოლებების მიუხედავად, წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა რუბიომ.