მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ხორციელდება კოორდინირებული ძალისხმევა „ფეისბუქის“ შესახებ ყალბი სურათის შესაქმენლად
კომპანია „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ხორციელდება კოორდინირებული ძალისხმევა „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმენლად. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა. კომპანიის დამფუძნებელი ეთანხმება მსხვილი ორგანიზაციების შემოწმების აუცილებლობას.
„მსურს, განვიხილო ჩვენი კომპანიის გარშემო ბოლო დებატები. მჯერა, რომ მსხვილი ორგანიზაციები უნდა შემოწმდეს და მე ვისურვებდი, რომ მეცხოვრა ისეთს საზოგადოებაში, სადაც ეს ხდება, ვიდრე ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს ვერ ხორციელდება. კეთილსინდისიერი კრიტიკა გვეხმარება, რომ გავხდეთ უკეთესები. თუმცა, ჩემი აზრია, რომ ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის გაჟონილი დოკუმენტების შერჩევითად გამოყენების კოორდინირებული ძალისხმევა ჩვენი კომპანიის შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად“, – აღნიშნავს მარკ ცუკერბერგი.
უმსხვილესი სოციალური ქსელის დამფუძნებელი ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებში სიცხადის შესატანად რეგულაციები აუცილებელია და მას ამისკენ არაერთხელ მოუწოდებია.
„როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, უნდა დავაბალანსოთ სოციალური სამართლიანობის პრინციპები, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება მავნებელი კონტენტის შემცირება ან კონფიდენციალობის მკაცრი პოლიტიკის ამოქმედება სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით, კვლევებისა და ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზების მაქსიმალური დაკეტვით“, – ნათქვამია ცუკერბერგის განცხადებაში.
მარკ ცუკერბერგის თქმით, ეს საკითხები ეხება არა ბიზნესსაქმიანობასა და ფულის კეთებას, არამედ რთულ სოციალურ ღირებულებებს შორის ბალანსის დაცვას.
„არაერთხელ მოგვიწოდებია რეგულირებისკენ, რათა შეგვეტანა სიცხადე, რადგან არ ვფიქრობ, რომ კომპანიებმა თავად უნდა მიიღონ ამდენი გადაწყვეტილება“, – აღნიშნავს სოციალური ქსელის ხელმძღვანელი.
ცუკერბერგი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები მავნე კონტენტის წინააღმდეგ საბრძოლველად ინდუსტრიაში ყველაზე ეფექტიანია. მისი ინფორმაციით, „ფეისბუქის“ მიერ 2021 წელს მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 5 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, ბოლო პერიდოში წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები „ფეისბუქის“ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ წერენ. როგორც ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, კომპანიის ათობით ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა.