მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს
მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

​15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ჩვენების იძულებაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს დამძიმებული.

არჩილ შაბაშვილის თქმით, საავადმყოფოში მარიანა ჩოლოიანს კვლევები ჩაუტარდება.

„2013 წლიდან მარიანა ჩოლოიანი მკურნალობდა, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის წამყვან კლინიკებში და როგორც ჩანს, ამ დაავადებამ ისევ იჩინა თავი. რადგანაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გადაეყვანათ უკვე კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები. დაუდგენენ დიაგნოზს და დაუნიშნავენ მკურნალობას.

წინასასამართლო სხდომა გაიმართა ორი კვირის წინ, მაგ დროსაც სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მანამდე, ციხეში ვნახე და იყო შეუძლოდ. სასამართლოზე უფლება მოგვცა ადვოკატებს, ხელი რომ არ შეშლოდა პროცესს, სასამართლოზე მისი ინტერესები მისი დასწრების გარეშე დაგვეცვა. ახლაც იგივე მოცემულობა გვაქვს. ვინაიდან გადაიყვანეს, ესე იგი, მისი მდგომარეობა დამძიმდა“, – განაცხადა ადვოკატმა.